ბოტანიქსი – ჟურნალი მცენარეებისა და მებაღეობის შესახებ

ქართული

ვახარებთ ავოკადოს

ავოკადო (ბოტანიკურად ალიგატორის მსხალი – Persea americana) წარმოადგენს 6–20 მეტრის სიმაღლის ტროპიკულ ხეს. იზრდება მექსიკიდან ბრაზილიამდე. დღესდღეობით ახარებენ მთელ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში.

აქვს ელიპსური ფორმის, წაწვეტებული ბოლოს მქონე, პრიალა, ღია ან მუქი მწვანე, მეორე მხარეს რუხი ფერის ფოთლები, რომლებიც ფორთოხლის ფოთლებს წააგავს.

აქვს დიდი 100–300 ყვავილისგან შემდგარი ყვავილედები, რომელთაგან მტვრიანდება მხოლოდ დაახლოებით 0,1%, რისი მიზეზიც ის არის, რომ ყვავილობის პირველ დღეს მწიფეა მხოლოდ ბუტკო, მტვრიანები კი ჯერ კიდევ განუვითარებელია. შემდგომ ყვავილი ერთი დღით იხურება. მომდევნო დღეს კი ისევ იშლება, მტვრიანები უკვე მომწიფებულია, მაგრამ ბუტკო უკვე დამჭკნარია. გარდა ამისა, ყვავილები მომწიფებული მტვრიანებითა და ბუტკოებით დღის სხვადასხვა მონაკვეთში იშლებიან.

ავოკადოს ნაყოფი კვერცხის ან მსხლის ფორმისაა. ამისდა მიხედვით, ავოკადოს ჯიშები იყოფა სამ გეოგრაფიულ ჯგუფად:

  1. ანტილიური (ტროპიკული) ჯგუფი ხარობს ტროპიკულ დაბლობებზე (ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე). მაგალითად, ამ ჯგუფს მიეკუთვნება შემდეგი ჯიშები „ვალდინი“, „სიმონდსი“ და „შავი პრინცი„ მგრძნობიარეა ყინვისადმი. ავოკადოს ნაყოფი 0,4–1,5 კგ–ს იწონის.
  2. გვატემალური (ნახევრადტროპიკული) ჯგუფის სამშობლოა ტროპიკული მთიანი ზონები (800–2800 მეტრი ზღვის დონიდან). მოცემული ჯგუფის ტიპიურ წარმომადგენლებს მიეკუთვნებიან „ბემიკი“ და “ჰასი“. ამ ჯიშებს მოკლე ხნის მანძილზე შეუძლიათ გაუძლონ 0 C°–მდე ტემპერატურას. ნაყოფი 0,5–1,5 კგ–ს იწონის.
  3. მექსიკური (სუბტროპიკული) ჯგუფის სამშობლოა მექსიკის სუბტროპიკული ზონა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ყინვისადმი მეტად გამძლე ჯიშები (მცირე ხნის განმავლობაში შეუძლიათ – 4 C° ტემპერატურის გაძლება). მოცემული ჯგუფის ჯიშები ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ამ ფგუფს მიეკუთვნება „გოტფრიდი“ და „ფერნოდი“. ნაყოფი პატარაა (250 გრამამდე).

დღესდღეობით არსებობს ორი ჯგუფის (უფრო ხშირად გვატემალური და მექსიკური) ჯიშების შეჯვარებით გამოყვანილი ჯიშებიც. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მხოლოდ მექსიკური ჯგუფის ჯიშებს გააჩნიათ. რთული ყვავილობის პროცესის გამო, შესაძლებელია, რომ ჩვენს პირობებში ავოკადომ ნაყოფი არ გამოიღოს, მაგრამ ლამაზი ფოთლების გამო იგი ინტერიერისათვის გამოსადეგი ჯიშია. თესლიდან აღმოცენებული ავოკადო, მე–6 ან მე–8 წელს ყვავილობს. ავოკადოს სჭირდება გაფანტული სინათლე. მისი გამოზრდა შეიძლება ბინაში, ოფისში ან სათბურში. ზაფხულობით შეგიძლიათ გაიტანოთ აივანზე ან ბაღში.

ავოკადო ნიადაგის მხრივ მომთხოვნი არ არის. მისთვის საკმარისია ნახევრად მჟავე ნიადაგი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება მებაღეობაში. მთელი წლის განმავლობაში მისთვის აუცილებელია ტენი, მაგრამ ზედმეტი მორწყვა საჭირო არ არის. გვალვის დროს ცვივა ფოთლები. უხდება დროდადრო წყლის შესხურება.

ავოკადოს გამრავლება ყველაზე მარტივად თესლებით ხდება. კალმებით მხოლოდ ზოგიერთი ჯიში მრავლდება.

თესლები ნახევრამდე წყალში უნდა დალბეს, ბლაგვი მხრით ფსგერისკენ. დაალბეთ მანამდე, სანამ აღმოცენებას არ დაიწყებენ. (იმისათვის, რომ ავოკადო არ დალპეს, გირჩევთ, რომ 3 თვეზე მეტხანს არ გააჩეროთ წყალში. თუ სამი თვის მანძილზე თესლი არ დაიწყებს აღმოცენებას, ჩათესეთ მიწაში. როგორც წესი, დათესვის შემდეგ თესლები აღმოცენებას და ზრდას იწყებს.

თესლები ჩათესეთ ¾–ზე ბლაგვი მხრით დაბლა. მე ისინი ცალკცალკე თითო–თითოდ დავთესე დიდ ქოთანში, რომელსაც თავზე შუშა დავაფათე და ამ მეთოდმა გაამართლა. ამრიგად, ქოთანში შენარჩუნებულ იქნა ტენიანი გარემო, რომელმაც აღმოცენება დააჩქარა. დასათესი სუბსტრატი (ნიადაგი) აირჩიეთ მსუბუქი და ჰაეროვანი, რათა ზედმეტი წყალი მაშინვე ჩამოდინდეს. მინის თავსაფარი ყოველდღე ნახევარი საათით მოაშორეთ, რომ თესლები ობით არ დაიფაროს.

თესლები უკეთესად აღმოცენდება, თუ ისინი მთელი დღის განმავლობაში სითბოში იქნებიან. იდეალური ტემპერატურა 25 C°–ია. პირველი ფოთლების გამოღების შემდეგ საკმარისია ოთახის ტემპერატურა.

მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება ადვილი იქნება, თუ ქოთანს თბილი რადიატორის მაღლა მოათავსებთ. ამიტომ, დათესვა ზამთარში უკეთესია, გათბობის სეზონის დროს.

ჩვენს პირობებში ავოკადო საკმაოდ სწრაფად იზრდება. დატოტვილი ავოკადო 1 მეტრის სიმაღლემდე 2 წლის განმავლობაში იზრდება.

შესაძლოა, ავოკადოს ნაყოფი ჩვენს პირობებში ვერ მივიღოთ, მაგრამ მათი ყიდვა დღესდღეობით მაღაზიაშიც შეიძლება. სამწუხაროდ, მაღაზიაში ნაყიდი თესლებიდან ვერ მოახერხებთ მცენარის გახარებას (მათ იშვიათად გააჩნიათ აღმოცენების უნარი, რადგან ნაყოფი იშვიათად არის დაკრეფილი სიმწიფის პერიოდში).

ავოკადო მსოფლიოში ერთერთ ყველაზე სასარგებლო საკვებ ხილად არის ცნობილი. მისი ენერგეტიკული ღირებულება 840 100 გრ რბილობზე კილოჯოულის ტოლია (შედარებისათვის ბანანის ენერგეტიკული ღირებულება 355 კილოჯოულია, მანგოსი – 215, პაპაიას – 180, პომიდვრის – 90, კიტრისა კი მხოლოდ 0,64). შეიცავს 5–32% კანში ადვილად შესაზელ ცხიმს და კოსმეტიკური საშუალებების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ქიმიური შემადგენლობის მხრივ, ავოკადო ამ სიტყვის არსებითი მნიშვნელობით ხილი არ არის, თუმცა კი ხილს მიაკუთვნებენ.

ავოკადოს უმეტესწილად უმად იყენებენ. მას ჭრიან, უმატებენ ლიმონის წვენს, მარილს ან სანელებელს და კოვზით მიირთმევენ. შემდეგ ნომერში თქვენ იხილავთ ავოკადოს მომზადების რამოდენიმე მარტივ რეცეპტს.

შემდეგი ტექსტი: ჩინური ჩაის ბუჩქი – გქონდეთ საკუთარი ჩაი! »»»

ოთხშაბათი 1.7.2009 07:49 | დაბეჭდვა | ეგზოტიკური მცენარეები

KPR წარმოადგენს

KPR - მცენარეთა მოყვარულთა კლუბი სლოვაკეთი
მცენარეთა მოყვარულთა კლუბი წარმოადგენს მსოფლიოს ყველა კუთხის მებაღეების ნებაყოფლობით გაერთიანებას. წაკითხვა...
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება მცენარეთა გამრავლებისა და გახარების სფეროში. დაწერეთ სტატია მოცემული ვებ–გვერდისათვის!